თქვეს: გვინდა, რომ მივირთვათ მისგან, გულები დავიმშვიდოთ, ვიცოდეთ, რომ ნამდვილად სიმართლეს გვეუბნები და ვიყოთ ამის მოწმენი.
მარიამის ძე ‘ისამ თქვა: ო, ალლაჰ, ღმერთო ჩვენო! ზეციდან სუფრა ჩამოგვივლინე, რომელიც იქნება დღესასწაული ჩვენთვის, როგორც პირველთა, ისე უკანასკნელთათვის, და სასწაული შენგან, მაშ, მოგვმადლე საზრდო, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო მსაზრდოებელი!
ალლაჰმა უპასუხა: ჭეშმარიტად, მე ჩამოგივლენთ მას, მაგრამ ვინც ამის შემდეგაც არ ირწმუნებს, მას უთუოდ ისეთი სასჯელით დავსჯი, რომლის მსგავსითაც არავინ დამისჯია სამყაროში.
როცა ეტყვის ალლაჰი: ეი, ‘ისა, ძეო მერიემისა! შენ უთხარი ხალხს, რომ მე და დედაჩემი ალლაჰის გარდა კიდევ ორ ღვთაებად აგვირჩიეთო? მიუგო: შენ ყოვლად უნაკლო ხარ! არ შემეფერებოდა იმის თქმა, რისი უფლებაც არ მაქვს. ეგ რომც მეთქვა, უთუოდ გეცოდინებოდა. შენ უწყი, რაცაა ჩემში, ხოლო მე არ ვიცი, რაცაა შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ უხილავთა უნაკლოდ მცოდნე!
არაფერი მითქვამს მათთვის, გარდა იმისა, რაც მიბრძანე, რომ თაყვანი ეცით ალლაჰსა, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთსო. მათი მოწმე ვიყავი, ვიდრე მათ შორის ვიყავი. ხოლო როცა მიმიბარე, შენ იყავი მათი მეთვალყურე. და შენ ხარ მოწმე ყოველივესი.
თუკი მათ დასჯი, უეჭველად, შენი მსახურნი არიან; ხოლო თუ მიუტევებ,[1] ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.[2]
ალლაჰი ბრძანებს: ესაა დღე, როცა მართალნი სარგებელს ჰპოვებენ თავიანთი სიმართლისას: მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება; იქ იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია მათგან ალლაჰი და თვითონაც კმაყოფილი არიან მისით. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი (დიდი გამარჯვება).
ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა და (იმის,) რაცაა მათში. იგია ყოვლისშემძლე.
დიდება ალლაჰს, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, დაადგინა ნათელი და ბნელი. ურწმუნოები, ამის მიუხედავად, თავიანთ ღმერთს სხვებს უთანაბრებენ.
იგია, ვინც თიხისგან გაგაჩინათ, შემდეგ დაადგინა აჯალი და მის წინაშეა აჯალი განსაზღვრული.[1] ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ.
იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანაზე[1] , იცის თქვენი ფარულიც და ცხადიც, ასევე იცის, რასაც თქვენ მოიხვეჭთ.
მათ თავიანთი ღმერთის აიათთაგან/სასწაულთაგან, რა აიათიც/სასწაულიც მიუვიდათ, ყველასგან პირი იქციეს.
მართლაც ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, როდესაც მათ მიუვიდათ, თუმცა შემდეგ მიუვათ ამბავი იმისა, რასაც აბუჩად იგდებდნენ.
ნუთუ ვერ ხედავენ, თუ რამდენი თაობა გაგვინადგურებია მათზე ადრე, რომლებსაც ამქვეყნად ისეთი საშუალებები ვუბოძეთ, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია; ზეციდან უხვი ნალექი ჩამოვუვლინეთ და მდინარეები დავადგინეთ მათ ქვემოთ მდენი, შემდეგ თავიანთი ცოდვების გამო გავანადგურეთ და მათ შემდეგ სხვა თაობა გავაჩინეთ.
თუნდაც ფურცელზე დაწერილი წიგნი ჩამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელებით შეხებულიყვნენ, მაინც იტყოდნენ ისინი, – ვინც არ ირწმუნეს, – რომ ეს მხოლოდ აშკარა ჯადოაო.[1]
მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ[1] .
თუნდაც ანგელოზად დაგვედგინა იგი, უთუოდ კაცად დავადგენდით[1] და მაინც იგივე მდგომარეობაში აღმოვაჩენდით, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფებიან.[2]
უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, – იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რისთვისაც დასცინოდნენ.[1]
უთხარი: ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.
უთხარი: ვისია ის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე? უპასუხე: ალლაჰისაა, მან მოწყალეობა თავის ვალად სცნო. ვფიცავ, რომ ის მართლაც შეგკრებთ განკითხვის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. ხოლო რომელთაც საკუთარ სულებს ავნეს (ურწმუნოებით), ისინი მაინც არ ირწმუნებენ.
მისია ყოველი, რაც მკვიდრობს ღამით და დღისით; და ისაა ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნე.
უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ავირჩევ მფარველად – გამჩენისა ცათა და დედამიწის? და იგია დამპურებელი, ხოლო თვითონ არ საჭიროებს დაპურებას. უთხარი: ჭეშმარიტად, მე მებრძანა, რომ პირველი ვიყო, ვინც დაემორჩილა და არ იყო წარმართთაგანიო.
უთხარი: ჭეშმარიტად, მე ვშიშობ, რომ თუ ვეურჩები ჩემს ღმერთს, თავს დამატყდება უდიდესი დღის სასჯელი.
იმ დღეს, ვინც იქნება მისგან[1] განრიდებული, მას (ალლაჰი) მართლაც შეიწყალებს და ეს იქნება ცხადი წარმატება.
თუკი ალლაჰმა უკეთურება შეგამთხვია, მის გარდა ვერავინ აგარიდებს; ხოლო თუკი სიკეთე შეგამთხვია, იგია ყოვლის შემძლე.[1]
ის არის ძლევამოსილი, თავის მსახურებზე ყოვლად ამაღლებული და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა? ასევე, უთხარი, რომ ჩემ და თქვენ შორის ალლაჰია მოწმე[1] , და ეს ყურანი ზეშთამეგონა, რათა მისით გაგაფრთხილოთ თქვენ და ისინი, ვისთანაც მიაღწევს.[2] თქვენ მართლაც ამოწმებთ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს?[3] უთხარი: მე არ ვამოწმებ! უთხარი: ჭეშმარიტად, ის ერთადერთი ღმერთია და უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ!
ვისაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას (მუჰამმედს), როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. რომელთაც თავიანთი სულები წარიწყმიდეს, ისინი არ ირწმუნებენ.
მაშ, ვინაა იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს[1] ალლაჰზე ან ცრუდ მიიჩნევს მის აიათებს? უეჭველად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი.
იმ დღეს მათ ყველას ერთად შევყრით და ვეტყვით მათ, რომლებიც უთანაზიარებდნენ: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომლებიც თქვენ მომიჩინეთ?[1]
შემდეგ სხვა ვერაფერს მოიმიზეზებენ, გარდა იმისა, რომ იტყვიან: ჩვენს ღმერთს, ალლაჰს ვფიცავთ, რომ ჩვენ არ ვიყავით წარმართები!
ნახე, როგორ ცრუობენ საკუთარ სულთა წინააღმდეგ და განუდგნენ მათ, რასაც თხზავდნენ[1] (ღმერთებად რაცხავდნენ).
და მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ, მაგრამ მათ გულებს საბურველი გადავაფარეთ, რათა ვერ გაიგონ, ყურებშიც სიმძიმე დავუგუბეთ: თუნდაც ყველა აიათი/სასწაული იხილონ, მაინც რომ არ ირწმუნონ[1] ; უფრო მეტიც, შენთან თუ მოვლენ ისინი, ვინც არ ირწმუნეს, კამათს დაგიწყებენ და იტყვიან : უეჭველად, ეს მხოლოდ წინაპართა ზღაპრებიაო.
ამგვარად, ისინი მისგან სხვებს აბრკოლებენ და თვითონაც შორდებიან მას; ასე მხოლოდ საკუთარ სულებს ანადგურებენ და ვერც კი ხვდებიან.
ნეტავ გენახა, როდესაც ცეცხლის წინაშე დააყენებენ და იტყვიან: ,,ოჰ, ნეტავ უკან დავბრუნდებოდეთ და ცრუდ აღარ შევრაცხავდეთ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდეთ მორწმუნეთაგანი''.
არა! მათ უკვე გაეცხადათ იგი, რასაც მანამდე[1] მალავდნენ; რომც დააბრუნონ, ეგენი მაინც იმას დაუბრუნდებიან, რაც ეკრძალებოდათ. უეჭველად, ეგენი მატყუარები არიან.
და თქვეს: ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ ამქვეყნიურია და არც მკვდრეთით აღვდგებით ჩვენ.
ნეტავ გენახა, როდესაც თავიანთი ღმერთის წინაშე დააყენებენ და ეტყვის: განა ეს არ არის ჭეშმარიტება?[1] ისინი ეტყვიან: დიახ, ჩვენს ღმერთს ვფიცავთ. ისიც ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის, რასაც უარყოფდით.
მართლაც წაწყმედილან ისინი, რომელნიც ცრუდ თვლიდნენ ალლაჰთან შეხვედრას, ვიდრე არ მოუსწრებდათ ჟამი უეცრად და არ იტყოდნენ: „ვაი, ჩვენდა, იმ დაუდევრობის გამო, რაც იქ ჩავიდინეთ!“ – თანაც ზურგით ეზიდებიან თავიანთ ცოდვებს. რაოდენ ცუდია იგი, რაც მათ უტვირთავთ!
თამაშისა და გართობის გარდა სხვა არაფერია წუთისოფელი; ხოლო ისქვეყანა უმჯობესია მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?
რათქმაუნდა ვიცით, რომ დიდად გამწუხრებს, რასაც ისინი (შენ შესახებ) ამბობენ. მაგრამ, ჭეშმარიტებაა, რომ (სინამდვილეში) შენ კი არ გრაცხავენ ცრუდ, არამედ ალლაჰის აიათებს უარყოფენ უსამართლონი[1]
უეჭველად, შენამდეც ცრუდ შერაცხულან შუამავალნი, მათ კი მოთმინება გამოუჩენიათ ცრუდ შერაცხვისა და შევიწროების წინაშე, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. არ არსებობს შემცვლელი ალლაჰის სიტყვებისა. ჭეშმარიტად, შენ მოგივიდა ამბავი შუამავალთა.
თუ გიმძიმს მათგან შენ მიმართ ზურგის შექცევა, მაშინ ეცადე, თუ გძალუძს, ხვრელი იპოვო მიწის სიღრმეებისკენ ან კიბე - ზეცით აღმართული, რათა მათ სასწაული მიუტანო. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად შეკრებდა მათ ჭეშმარიტ გზაზე. ასე რომ, ნუ იქნები უმეცართაგანი![1]
(შენს მოწოდებას) ყურად იღებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ისმენენ; ხოლო მკვდრებს ალლაჰი აღადგენს მკვდრეთით და შემდეგ მასთან იქნებიან მიბრუნებულნი.[1]
და თქვეს: განა ერთი სასწაულიც არ უნდა ჩამოვლენილიყო მასზე მისივე ღმერთისგან? უთხარი: ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს, რომ სასწაული ჩამოავლინოს, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.[1]
არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ცხოველი; ან ფრინველი, რომელიც თავისი ფრთებით დაფრინავს, - რომ თქვენ მსგავსად თემებად არ იყვნენ (დაყოფილი). ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვრჩენია, შემდეგ თავიანთი ღმერთის წინაშე იქნენ შეკრებილნი.
ხოლო რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვეი აიათები, - ყრუნი და მუნჯნი არიან ბნელეთში.[1] ალლაჰი, ვისაც ინებებს, მას ააცდენს (სწორი) გზიდან და ვისაც ინებებს, მას დააყენებს სწორ გზაზე.
უთხარი: აბა მითხარით, თუკი ალლაჰის სასჯელი გეწიათ ან (ქვეყნიერების დაქცევის) ჟამი დაგიდგათ, მაინც სხვას დაუწყებთ ვედრებას, ნაცვლად ალლაჰისა, – თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი?
არა, - მხოლოდ მას შეევედრებით, და თუ ინებებს, გიხსნით იმ მდგომარეობიდან, რისთვისაც მას ევედრებით და დაივიწყებთ იმათ, რასაც უთანაზიარებდით.
ჭეშმარიტად, შენამდე ჩვენ სხვადასხვა ხალხთან წარვგზავეთ შუამავლები და შევიპყარით ისინი სირთულეებითა და უბედურებებით[1] , – რომ იქნებ თავდამცირებით შევედრებულიყვნენ.
მაშინ ხომ მაინც უნდა შემვედრებოდნენ თავდამცირებით, – როდესაც ჩვენგან სირთულე ეწვიათ? თუმცა გულები გაუქვავდათ და სატანამ მოუკაზმა იგი, რასაც სჩადიოდნენ.
როდესაც დაივიწყეს იგი, რითაც იყვნენ შეგონებული[1] , მაშინ გავუხსენით ყველაფრის კარები; და როცა გაიხარეს იმით, რაც მათ მიეცათ, – მოულოდნელად შევიპყარით და მაშინვე გახდნენ იმედგაცრუებული.
ასე ამოიძირკვა იმ ხალხის მოდგმა, ვინც უსამართლობას ეწეოდა; ქება-დიდება ალლაჰს, - ღმერთს სამყაროთა.
უთხარი: როგორ ფიქრობთ, ალლაჰმა რომ სმენა და მხედველობა წაგართვათ და ბეჭედი დაგასვათ გულებზე, - რომელი ღვთაება დაგიბრუნებთ მას, გარდა ალლაჰისა? შეხედე რა ნაირ-ნაირად ვმარტავთ აიათებს, შემდეგ კი მაინც პირს იბრუნებენ ეგენი.
უთხარი: როგორ ფიქრობთ, უეცრად ან აშკარად რომ ალლაჰის სასჯელი გეწვიოთ, განა უსამართლო ხალხის გარდა ვინმე სხვა დაიღუპება?!
არ წარვგზავნით ჩვენ შუამავლებს, თუ არა მახარობლებლად და გამფრთხილებლებლად, ხოლო ვინც ირწმუნა და გამოასწორა (ძველი ურწმუნოება), – მათთვის არც შიში იქნება და არც დამწუხრება.[1]
ხოლო მათ, რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები/სასწაულები, სწორედ მათ შეეხებათ სასჯელი იმისა, რასაც ზღვარგადასულობდნენ.
უთხარი: მე თქვენ არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, არც უხილავის შესახებ ვიცი და არც იმას გეუბნებით, რომ მე ვარ ანგელოზი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემევლინება. უთხარი: განა თანასწორია ბრმა და მხედველი?[1] ნუთუ არ დაფიქრდებით?
და მისით[1] გააფრთხილე ისინი, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრება მოუწევთ თავიანთი ღმერთის წინაშე და მის გარდა არც დამხმარე ეყოლებათ და არც ქომაგი, – იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.[1]
ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით,[1] რომ ეთქვათ: ნუთუ ჩვენ შორის ალლაჰმა მხოლოდ ამათ მიჰმადლა სიკეთე? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?
და როცა მოვლენ შენთან ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა. ამგვარად, ვინც უკეთურებას იქმს უვიცობით, მერე კი მოინანიებს და შემდეგ გამოსწორდება, - ჭეშმარიტად, იგი უსაზღვროდ მპატიებელია, მოწყალეა!
ასე დაწვრილებით განვმარტავთ აიათებს, - ცოდვილთა გზა რომ გამოაშკარავდეს.
უთხარი: უეჭველად, ამეკრძალა მე, თაყვანი ვცე იმათ, რასაც თქვენ ევედრებით, ნაცვლად ალლაჰისა. უთხარი: არ ავუყვები თქვენს გემოვნებას, რადგან ნამდვილად ავცდები ჭეშმარიტ გზას და მე არ ვიქნები სწორ გზაზე მდგომთაგანი.
უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემი ღმერთისგან მოვლენილ ცხად მტკიცებულებებს ვეყრდნობი, თქვენ კი მას უარყოფთ; მე არ ვფლობ იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ.[1] გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ის მოგითხრობთ ჭეშმარიტების შესახებ და იგია კარგი განმცალკევებელი.[2]
უთხარი: მე რომ ვფლობდე იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა საქმე ჩემსა და თქვენს შორის, ხოლო ალლაჰმა უკეთ იცის უსამართლონი.
და მასთანაა უხილავის გასაღებნი,[1] მის გარდა იგი არავინ იცის, მან იცის, რაცაა ხმელეთზე და ზღვაში, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება ისე, რომ მან არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არ არსებობს დედამიწის ჯურღმულებში, – არც ნედლი და არც ხმელი, – რომ ცხად წიგნში არ იყოს გაცხადებული.[2]
და იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით და იცის, რასაც მოიხვეჭთ დღისით, შემდეგ აღგადგენთ მასში, რათა აღსრულდეს აჯალი[1] განსაზღვრული, შემდეგ - მასთანაა თქვენი მისაქციელი, მერე კი გაუწყებთ, რასაც თქვენ აკეთებდით.
იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ.
შემდეგ ალლაჰს დაუბრუნდებიან – თავიანთ ნამდვილ ბატონ-პატრონს. გახსოვდეთ რომ, მას ეკუთვნის მსჯავრი და ისაა უსწრაფესი განმკითხველი.
უთხარი: ვინ გიხსნით ხმელეთისა და ზღვის სიბნელეებიდან, როცა გულის სიღრმეში, თავდამცირებით შეევედრებით: ვფიცავთ, თუკი გვიხსნი აქედან, უსათუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი.
- უთხარი: ალლაჰი გიხსნით იმისგან და ყველა სხვა სადარდებლისგან, შემდეგ კი თქვენ მას მაინც უთანაზიარებთ.
უთხარი: იგი ძლევამოსილია, სასჯელი მოგივლინოთ ზემოდან ან თქვენს ფეხთა ქვემოდან, ან კიდევ მხარეებად გაქციოთ[1] და თქვენმა ერთმა ნაწილმა იგემოს მეორის ძალადობა. შეხედე, რა დაწვრილებით ვმარტავთ აიათებს, იქნებ (ასე მაინც) გაიგონ.
შენმა ხალხმა ცრუდ მიიჩნია იგი,[1] არადა ის არის ჭეშმარიტება. უთხარი: მე არ ვარ თქვენი მეთვალყურე.[2]
ყველა ამბავს განსაზღვრული დრო აქვს (აღსრულებისა) და ამას შემდგომში შეიტყობთ.[1]
როცა დაინახავ, რომ დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ (რომლებიც ჩამოგევლინა ), მაშინვე გაეცალე მათ, – ვიდრე სხვა სიტყვით არ დაკავებულან. ხოლო თუკი სატანამ დაგავიწყა, მაშინ გახსენებისთანავე გაერიდე ამ უსამართლო ხალხთან დაჯდომას.
ხოლო მათ, რომელნიც ღვთისმოშიშობენ, არაფერი მოეკითხებათ იმათი ანგარიშიდან; მათზე მხოლოდ შეგონებაა – იქნებ ღვთისმოშიშობა გამოიჩინონ.[1]
მოშორდი მათ, რომლებიც ხუმრობით და გართობით ეკიდებიან თავიანთ სარწმუნოებას და ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას უცდუნებია! და მისით[1] შეაგონე, რომ არ დაღუპოს სული თავისი მონაპოვრით; რომ არ გააჩნია მას არც დამხმარე და არც ქომაგი, გარდა ალლაჰისა. ყველანაირი გამოსასყიდიც რომ გაიღოს, - არ მიიღება ის მისგან. სწორედ ეგენი არიან, ვინც თავიანთი მონაპოვრით დაიღუპნენ, მათთვისაა მდუღარე სასმელი და მწარე სასჯელი – იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ვევედროთ, რომელიც ვერას გვარგებს და ვერც გვავნებს[1] , და უკან მივბრუნდეთ, ჩვენივე ქუსლების მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დაგვაკვალიანა? იმის მსგავსად, ვინც გააბრიყვეს სატანებმა და დატოვეს ქვეყნად თავგზააბნეული, თანაც მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ: მოდით ჩვენთანო.[2] უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი და ჩვენ გვებრძანა, რომ სამყაროთა ღმერთს ვმორჩილებდეთ“.
ასევე (გვებრძანა), შევასრულოთ ნამაზი და მის (ალლაჰის ) მიმართ რიდი ვიქონიოთ. იგია, რომლის წინაშეც იქნებით აღდგენილი.
და იგია, რომელმაც ცანი და დედამიწა გააჩინა ჭეშმარიტებით და იმ დღეს იტყვის: „იყავ“, და ისიც უმალვე იქმნება, – ჭეშმარიტებაა მისი სიტყვა. მისია მეუფება იმ დღისა, როცა ბუკში ჩაიბერება[1] , მცოდნეა ხილულისა და უხილავისა, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
აკი იბრაჰიმმა თავის მამას, აზარს უთხრა: ნუთუ კერპებს აღიარებ ღმერთებად!? უეჭველად, ვხედავ, რომ შენ და შენი ხალხი ხართ აშკარა გზააცდენილობაში.
ამგვარად ვაჩვენეთ იბრაჰიმს ცათა და ქვეყნიერების მეუფება, რათა ყოფილიყო გულდაჯერებულ მორწმუნეთაგანი.
- ღამით, როდესაც იგი ბინდმა გარემოიცვა და ვარსკვლავი დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“; ხოლო როდესაც გაქრა, დასძინა: მე არ მიყვარს ის, რაც ქრება.[1]
და როცა ამომავალი მთვარე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“, ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: თუკი ჩემმა ღმერთმა არ დამაკვალიანა ჭეშმარიტი გზისკენ, უსათუოდ მე ვიქნები გზასაცდენილ ხალხთაგანი.
ხოლო როცა ამომავალი მზე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი, ეს უფრო დიდია“; ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: ო, ჩემო ხალხო! ჭეშმარიტად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ უთანაზიარებთ!
ჭეშმარიტად, მე სახე ვიბრუნე ჰანიფად[1] იმისკენ, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და მე არ ვარ წარმართთაგანი.
და შეედავა მისი ხალხი, მან კი უთხრა: ნუთუ ალლაჰის შესახებ მეცილებით, როცა მან დამაკვალინა ჭეშმარიტ გზაზე? მე არ მეშინია იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ მას, გარდა იმისა, თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რამე.[1] ჩემი ღმერთი ყოველივეს ცოდნით გარემოიცავს, ნუთუ არ გაიაზრებთ?
და როგორ უნდა მეშინოდეს იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ (ალლაჰს ), მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს უთანაზიარებდეთ იმას, რის შესახებაც თქვენთვის არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? და ამ ორი მხრიდან რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას[1] , თუ იცით?
მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,[1] სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს.
ზექერია, იაჰია, ‘ისა და ილიასი, - ყველანი იყვნენ სათნოთაგანნი.
ასევე, ისმა’ილი, იესე’ი, იუნუსი და ლუტი, - ყველა მათგანი გამოვარჩიეთ სამყაროთა წინაშე.
ასევე ამოვარჩიეთ მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან, და სწორ გზაზე დავაკვალიანეთ.
ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ეგენი[1] არიან, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და მაცნეობა. თუკი ისინი[2] უარყოფენ მას,[3] უსათუოდ, მას ისეთ ხალხს გადავაბარებთ, რომლებიც არ უარყოფენ.
აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის[1] სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[2]
და მათ ვერ შეიცნეს ალლაჰი ყადრიანად, როგორც მას შეეფერება, როდესაც თქვეს: ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენია. (შენც) უთხარი: მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, – სინათლედა და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანთათვის, – რომლითაც მუსა მოვიდა და რომელსაც ფურცლებზე წერთ, ნაწილი - გამოგაქვთ სააშკარაოზე, უმეტესს კი მალავთ?[1] და გესწავლათ[2] ის, რაც არ იცოდით – არც თქვენ და არც თქვნმა წინაპრებმა. უპასუხე - ალლაჰმაო (ჩამოავლინაო),[3] შემდეგ კი მიატოვე მათი ამაო საუბრით გართულნი.
და ეს დალოცვილი წიგნი ჩამოვავლინეთ დამამოწმებლად იმისა, რაც იყო მასზე წინათ, ასევე ქალაქთა დედის[1] და მის გარშემო მყოფთა გასაფრთხილებლად. ხოლო ვისაც სწამთ საიქიო, მათ ესეც (ყურანიც) სწამთ და ისინი თავიანთ ნამაზსაც გულმოდგინედ იცავენ.
და ვინ არის იმაზე დიდი უსამართლო, რომელმაც სიცრუე შეთხზა ალლაჰის შესახებ ან თქვა, რომ ვაჰი (ღვთიური შეტყობინება) მივიღეო; არადა მას არაფერი მიუღია; ასევე, ვინც თქვა: მეც ჩამოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო. ნეტავ გენახა სულთმობრძავი უსამართლონი, როდესაც ანგელოზები ხელებგაწვდილნი ეუბნებიან: განუტევეთ სულები! დღეს მოგეზღვებათ სასჯელი დამამცირებელი, იმ უსამართლობისთვის, რასაც ალლაჰის შესახებ ამბობდით და მისი აიათების მიმართ მედიდურობდით!
და ვფიცავ, ჩვენ წინაშე ისე ეულად მოხვედით, როგორც პირველად გაგაჩინეთ.[1] და ზურგსუკან მიგიტოვებიათ, რაც თქვენთვის გვიბოძებია,[2] ვეღარც თქვენს ქომაგებს ვხედავთ თქვენთან ერთად, რომლებიც, გჯეროდათ, რომ იყვნენ (ალლაჰის) თანაზიარნი. უკვე გაწყდა კავშირი თქვენ შორის და განდეგილა ის თქვენგან, რასაც ამტკიცებდით (უსაფუძვლოდ).
ჭეშმარიტად, ალლაჰია მარცვლისა და კურკის გამპობ-გამღივებელი, ცოცხალი მკვდრისგან გამოჰყავს და ცოცხლისგანაც - მკვდარი. აი, ეს არის ალლაჰი და თქვენ როგორ განერიდებით?
- გამღვივებელი ალიონისა, რომელმაც დაადგინა ღამე მოსასვენებლად, მზე და მთვარე კი (დროთა) გამოსათვლელად. ასეთია განგება ძლევამოსილის, ყოვლის მცოდნისა.
და იგია, ვინც თქვენთვის დასხა ვარსკვლავები, რათა მათით გზა გაგეკვლიათ ხმელეთისა და ზღვის წყვდიადებში. უეჭველად, ჩვენ დაწვრილებით განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
და იგია, რომელმაც შეგქმნათ ერთი სულისგან; შემდგომ (დაგიდგინათ) მოსაკალათებელი და მისაბარებელი.[1] უეჭველად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებიც გამგებია.
იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; და აღმოვაცენეთ მისით ყველანაირი მცენარე, ამოვზარდეთ მისგან მწვანობი, იმისგან კი მარცვლები[1] - ერთმანეთზე ასხმული, ხოლო ფინიკის კოკრისგან - ჩამოკიდებული მტევნები, ასევე ყურძნის ბაღები, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსიც და განსხვავებულიც. შეხედეთ მის ნაყოფს, რომელიც ისხამს და მწიფდება. ჭეშმარიტად, ამ ყველაფერში მართლაც სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის.
და ალლაჰს ჯინები უთანაზიარეს, არადა მან გააჩინა ისინი; ასევე, უვიცად დასწამეს ძეები და ასულები. იგი ყოვლად უნაკლო და უზენაესია იმისგან, როგორადაც ახასიათებენ.
- იგი ცათა და დედამიწის არაფრისგან შემქმნელია და შვილი საიდან ეყოლება, როდესაც ცოლი არ ჰყოლია? და მან გააჩინა ყველაფერი, იგია ყოვლის მცოდნე.
იგია ალლაჰი – ღმერთი თქვენი, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ყოვლის გამჩენისა. მაშ, თაყვანი ეცით მას, - იგია ყოვლის მეთვალყურე.
- ვერ შესწვდებიან იმას მზერანი,[1] თვითონ კი მწვდომია მზერათა, და ისაა ლმობიერი, ყოვლისმცოდნე.
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ თვალსაჩინო მტკიცებულებანი; ასე რომ, ვინც თვალს გაახელს - მისივე სულის სარგოდ, ხოლო ვინც წაუბრმავებს - მისდა საზიანოდ. და არ ვარ მე თქვენი მეთვალყურე.
ამგვარად ვმარტავთ აიათებს ყოველმხრივ, ისინი კი მაინც იტყვიან: „გისწავლია“,[1] რათა ცხადგვეყო ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
მიჰყევი იმას, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან; არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, და ზურგი აქციე წარმართებს.
ალლაჰს რომ ენება, არ უთანაზიარებდნენ, და შენ არც მცველად[1] დაგვიდგენიხარ და არც ვექილი ხარ მათი.
და არ გალანძღოთ ისინი, ვისაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებიან, რადგან ისინიც ალლაჰს დაუწყებენ ლანძღვას – მტრობით, ცოდნის გარეშე. ასე მოვუკაზმეთ ყველა თემს თავიანთი საქმენი, შემდეგ თავიანთ ღმერთთანაა მათი მისაბრუნებელი და ის (ალლაჰი) აცნობებთ მათ იმის შესახებ, რასაც აკეთებდნენ.
ალლაჰს იფიცებიან მთელი თავგამოდებით, რომ თუკი ერთი სასწაული მიევლინებათ, მაშინ აუცილებლად ირწმუნებენ მას. უთხარი: ჭეშმარიტად, სასწაულები ალლაჰის განკარგულებაშია, თქვენ (მორწმუნენო) კი არ იცით, რომ სასწაულები რომც მოვიდეს, ეგენი მაინც არ ირწმუნებენ!
და შევაქცევთ მათ გულებსა და ხედვებს, როგორც არ ირწმუნეს თავდაპირველად[1] , და მივატოვებთ თავიანთ ზღვარგადასულობაში, თავგზააბნეულებს.
ალლაჰი ბრძანებს: ესაა დღე, როცა მართალნი სარგებელს ჰპოვებენ თავიანთი სიმართლისას: მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება; იქ იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია მათგან ალლაჰი და თვითონაც კმაყოფილი არიან მისით. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი (დიდი გამარჯვება).
ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა და (იმის,) რაცაა მათში. იგია ყოვლისშემძლე.